15 მარ 2026
აშშ-ს ირანსა და ისრაელს შორის შეიარაღებული თავდასხმები გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანიდან სარაკეტო დარტყმების 5 ტალღა განხორციელდა და ყველა ნასროლი რაკეტა გაანადგურეს. გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა თელ ავივსა და ისრაელში. თელ ავივში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და 3 ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებიც გრძელდება. მათივე ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეტევის გამო, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო.
ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავს დასავლეთ ირანში უპილოტო საფრენი აპარატების გამშვები პუნქტების განადგურების კადრებს. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის სამიზნეც ირანის დრონების ოპერაციების ნაწილი იყო. პარალელურად ლიბანის გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, განაცხადა სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიასთან „პირდაპირი“ შეტაკებების შესახებ. შეტაკებების ფონზე ლიბანი უკვე 800 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა და ისინი დროებით თავშესაფრებში გადავიდნენ. ზოგიერთი კი თავს ავტომობილს აფარებს.