რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

16 მარ 2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა ორი წლის ვადით.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ მიქაუტაძე ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო.

მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს, ჯამში, 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.