ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი - პეტერ ფიშერი

16 მარ 2026

ქართული მედია, მათ შორის სანქცირებულებიც, გამუდმებით მთხოვენ, განვმარტო ჩემი განცხადება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი პასუხი არის – ჩემი აქამდე გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“, – წერს პიტერ ფიშერი.

პეტერ ფიშერი განმარტავს, როგორ მოხვდა ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის წინადადებაში და რატომ ამოიღეს ის დოკუმენტიდან.

„ევროკავშირის სანქციებს საბჭო წყვეტს. წინადადებებს წარადგენს კომისია ან ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური. ყოველი წინადადებისთვის არსებობს მტკიცებულებათა პაკეტი. ეს აუცილებელია, რადგან კანონის უზენაესობისა და სამართლიანი პროცესის პრინციპებიდან გამომდინარე, სანქცირებულ პირებს აქვთ სამართლებრივი გასაჩივრების უფლება.

ყულევის პორტი შეყვანილი იყო სანქციების პაკეტში, თუმცა შემდეგ ამოიღეს წინადადებიდან, რადგან მივიღეთ „ვალდებულებები“ ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორი SOCAR-ისგან. გთხოვთ, შეამოწმოთ ზუსტი ფორმულირება ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის წერილში. აი, მთავარი ამონარიდი წერილიდან: „საქართველოში მდებარე ყულევის პორტი თავდაპირველად შეთავაზებული იყო სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შესაყვანად, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მიერ პორტში შესვლის გამო“.

შემდეგ ნათქვამია: „ეს თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა თქვენი ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულებების საფუძველზე“.

წერილში ევროკავშირის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს: „თქვენი ვალდებულება - აღკვეთოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობები საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალში მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სანქციებს საფრთხე არ ემუქრება“, - წერს ფიშერი.