16 მარ 2026
პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ განცხადებას.
მისი თქმით, თუ რადიკალებმა რაიმეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ.
„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუ კი რაიმესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კოდექსზე საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული.
„ლელოს“, რაც შეეხება მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა მაშინ, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე არ აღიარეს ქართველი ხალხის ნება და უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ პირდაპირ იარაღად იქცნენ.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემაა, რომ ისინი დღეს ვაჭრობენ ადამიანებით და დემოკრატიით.
„არ იცვლება მათი მეთოდი, მოყოლებული 2012 წლიდან, მათ აქვთ ერთი მეთოდი, ეს არის ადამიანების წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა.
ასე იყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს აქ და ციხისთვის გაწირეს, თორემ კი იყო თავისთვის მშვიდად უკრაინაში. ასე იყო მელიას საქმე, ასე არის მზია ამაღლობელის საქმე, ასე არის ყველა ის საქმეები, სადაც მათ თავად წააქეზეს ადამიანები დანაშაულზე, შემდეგ გაწირეს ისინი ციხისთვის, მათ შორის უცხოელებმა, მათ შორის ელჩებმა გაწირეს იმით, რომ აქეზებდნენ, არ აღიაროთ დანაშაული, არ ითანამშრომლოთ მართლმსაჯულებასთანო. ამით წააქეზეს ის, რომ არ ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, არ ყოფილიყო მსუბუქი სასჯელი და ახლა ვაჭრობენ ადამიანებით, ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი, რითაც დაკავებულია დღეს რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფი, თუ ორგანიზაცია.
ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, ამ მეთოდს ყოველ ჯერზე იყენებენ. უგულავას ამბები თუ გახსოვთ, შემდეგ მსჯელობა, აბა შეიწყალებს ვინმე, თუ არ შეიწყალებს, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება, თუ არ იქნება, რა და როგორ იქნება. ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, წირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით.
მეორე – ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია, 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით და ჩარევით, იქნებ რაღაცა დათმოთ, იქნებ პატარა შეღავათი გაუწიოთ, მანდატი კი დახიეს, მაგრამ იქნებ შემდეგ რაღაც სხვანაირად ჩართოთ და ასე შემდეგ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული, ან რაიმე ცივილიზებული ქცევა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რომ შეყვეს ამ რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი არიან დაკავებული, თავად თბილად არიან თავის ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის. არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ლელო“ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. პარტიის წევრების განცხადებით, საუბრის თემა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს.