16 მარ 2026
გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის დედაქალაქზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. გამთენიისას, ირანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშიც განხორციელდა. თელ-ავივში ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირა ირანის მიერ თელ-ავივის ერთ-ერთ ქუჩაზე განხორციელებული დარტყმის მომენტი.
ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კასეტური ქობინიდან მცირე ზომის ბომბები გაიფანტა და რამდენიმე ადგილზე ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელი პარალელურად ინტენსიურად ბომბავს ლიბანში ჰესბოლას პოზიციებს.
სამხრეთ ლიბანში, ბურჯ ქალაუიას საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 12 სამედიცინო მუშაკი დაიღუპა და შენობა განადგურდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა დაგმო კლინიკაზე თავდასხმა და მას გაუმართლებელი უწოდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2 მარტიდან ისრაელის მიერ ლიბანზე დაწყებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 850-მდე გაიზარდა, დაღუპულთაგან 98 ბავშვია.