ჩხრეკა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში - პოლიტიკური შეფასება

18 ოქტ 2025

უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები. გაჩხრიკეს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე პირის საცხოვრებელი სახლები, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ უწყებას აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არავინ გამოუკითხავს და არც დაუკავებია.

ამ დრომდე უცნობია, რას ედავებიან ექსპრემიერსა და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაკავებული პოსტები თვეების წინ დატოვეს. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით 22 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

სისხლის სამართლის საქმეებს გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი დეპარტამენტი, მათ შორის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება ამბობს, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები.