გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

17 მარ 2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ორგანიზებით, ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა, რომლებსაც ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი, ღვინის მწერალი და ექსპერტი რობერტ ჯოზეფი, ღვინის მაგისტრები კონსტანტინ ბაუმი და იანეკ შუმანი უძღვებოდნენ. დეგუსტაციებზე განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოებზე გაკეთდა. ქართულ ღვინოსთან ერთად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია.