17 მარ 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლის 54%-მა, საქართველოს მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“.
ახლანდელი მოწვევის პარლამენტის მთავარ მიღწევად შალვა პაპუაშვილმა იმ კანონებისა და საკანონმდებლო პაკეტების მიღება დაასახელა, რომლებსაც მისივე თქმით, ისტორიული მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების თვალსაზრისით. მაგალითად კი პაპუაშვილმა უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაასახელა.
ანგარიშს დროს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპასთან ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპული ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ქართველებისთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა იმ ევროპელ მმართველებს ეკისრებათ, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს.
მისივე თქმით,ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ღირსეულ ჩარჩოს, რომელშიც ის უნდა ვითარდებოდეს. ასევე პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ, იმ ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საკონსტიტუციო ორგანოებს დაუბრუნდათ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.