დაუსრულებელი კორპუსის მცხოვრებლების აქცია

17 მარ 2026

ბათუმში, ბაგრატიონის 113 ნომერში დაუსრულებელი მშენებლობის  დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან. მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე  მშენებლობა თითქმის ათი წელია მიმდინარეობს, სამუშაოები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინვესტორს გადაეცემოდა დასრულების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. კომპანია არ იღებს ვალდებულებას მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფაზეც.

აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ დახმარებას, მათი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უწევს შესაბამის ზედამხედველობას ინვესტორებს, რათა მოხდეს მოსახლეობის უფლებების დაცვა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან დროებით გზაც გადაკეტეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. მისი ინფორმაციით თუკი ადგილობრივ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ მიაქცევს ისინი იძულებული გახდებიან ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში შესახლდნენ, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შენდება. 

საკითხზე აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.