სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

21 ოქტ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რეპუბლიკის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის შემოწმების შედეგად, სამ შეკვრად დაფასოებული,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.