ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს - მეუფე შიო

17 მარ 2026

ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მეუფე შიომ პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ეპოქა შექმნა.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. მის შესახებ რამდენიმე სიტყვით ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით და დიდია ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ მის ეპოქაში, ჩვენმა მთელმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა  მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ასე რომ, არ ვიცი, ღრმერთმა გაგვაძლიეროს ყველა და იმედი მაქვს, მისი მფარველობა, მისი ლოცვა გაგრძელდება და კიდევ უფრო  განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას“, – განაცხადა მეუფე შიომ.