18 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, - აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.
ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში თურქეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.
ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილში.
ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა“, – წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.
სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.
„დიდი მწუხარებით მივიღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი — სულიერი ლიდერი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი არქიტექტორი. მისი სახელი დარჩება საქართველოს ისტორიასა და ირან-საქართველოს მეგობრობაში. სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს“, – წერს სეიედ ალი მოჯანი.
ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას.
"ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს. 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია", – წერს მთავარეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.