19 მარ 2026
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემაზე ახალი წესის შემოღებას ვიზის პირობების დარღვევის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს.
საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები. „გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აშშ-მა სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, რომელთა შორის არის საქართველოც. პროგრამა მოქალაქეებისთვის B1 და B2 ტურისტული და ბიზნესვიზების მისაღებად $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდას ითვალისწინებს. გირაო მოქალაქეებს დაუბრუნდებათ მაშინ, როდესაც დაბრუნდებიან სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით.