19 მარ 2026
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „კანონიერი ქურდობის", ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ე.წ. „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე დაკავებული 77-დან 32-ის პირის საქმე განიხილა. ამ საქმეზე სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი მხოლოდ 7 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე განმარტავდა, რომ დაკავებულებისთვის უმაღლესი აკვეთის ღონისძიების გამოყენება- პატიმრობა უსაფუძვლო იყო, რადგან მათივე თქმით, კონკრეტული მტკიცებულებები არ ჰქონდა წარმოდგენილი ბრალდების მხარეს.
წინასასამართლო სხდომა 5 და 13 მაისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, 17 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში 72 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალდება დაუსწრებლად და პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ე.წ. ,,ქურდული სამყაროს წევრობა’’, ე.წ. ,,ქურდული სამყაროს საქმინობის მხარდაჭერა’’, ე.წ.,, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა’’, ე.წ.,, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა’’ და ე.წ. ,,კანონიერი ქურდობა’’. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.