ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამაზან ბაირამი აღნიშნეს 

20 მარ 2026

მუსლიმური სამყარო დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში, ორთაჯამეში სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. 

ლოცვის შემდეგ მან მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუსამძიმრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათა შორის ურთიერთობის, პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოების ერთიანობის განმტკიცების საქმეში“, - აღნიშნა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ

რაც შეეხება რამაზან ბაირამს, რელიგიურ დღესასწაულს მუსლიმი მრევლი ერთთვიანი მძიმე მარხვის დასასრულს აღნიშნავს. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე  ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ. მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ეს არის ეშმაკსა და ვნებებზე გამარჯვების დღესასწაული.