ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უსამძიმრებს

21 მარ 2026

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იერმეკ კოშერბაევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

იერმეკ კოშერბაევი ყაზახეთის პრეზიდენტისა და ყაზახი ხალხის სახელით, სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს.

"ღრმა მწუხარებით შევიტყეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

 

ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მისი უწმინდესობა ილია II მეგზურობას უწევდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა ქართველი ერის სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების განმტკიცებაში.

 

ის განასახიერებდა სულიერების, სიბრძნისა და პატიოსნების უმაღლეს იდეალებს, რითაც აიხსნება ის ღრმა პატივისცემა და ფართო აღიარება, რაც მან მთელი ქართული საზოგადოებისგან დაიმსახურა.

 

განსაკუთრებით  აღსანიშნავია მისი წვლილი ჰუმანურობის, სამართლიანობისა და თანაგრძნობის პრინციპების ხელშეწყობაში, ასევე სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს შორის თანხმობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებაში.

 

ყაზახეთის პრეზიდენტისა და ყაზახი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს, სასულიერო პირებსა და სამწყსოს, ასევე მთელ ქართველ ხალხს.

 

მისი უწმინდესობის ილია II-ის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.