დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი - მეუფე შიო

22 მარ 2026

შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ; რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, , უწმინდესის დამოკიდებულება განსაკუთრებული იყო სიონის ტაძრის მიმართ, რადგან იმ ტაძრიდან დაიწყო პატრიარქის 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, სამოციქულო ღვაწლი.

„აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი.

 

ყველამ ვიცით, განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრის მიმართ. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, შეიძლება ითქვას, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა და რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას - იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში.

 

დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობით, სიტყვებით. ყველას გვინდა რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ; რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა“, - განაცხადა მეუფე შიომ.