გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს

23 მარ 2026

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს, – ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი.

ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას – ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, – განაცხადა გურამ კაშიამ.