ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა - შალვა პაპუაშვილი

24 მარ 2026

ქართველი ხალხი შეეცადა, ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ილია მეორე მართლაც ისტორიული პიროვნება იყო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის.

„ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც მილიონნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში, რათა თავისი მწუხარება გამოეხატა. ეს იყო მართლაც მომენტი, როდესაც მთელი ერი იყო ერთიანი ამ მწუხარებაში და გარკვეულწილად, ყველა ვცდილობდით, ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა, რათა ის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა. ვნახეთ ასევე ერთობა ეკლესიური, ერთობა რელიგიებს შორის, როდესაც, როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების, ისე ზოგადად ყველას მხრიდან, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, პატრიარქს იცნობდა, მოვისმინეთ მწუხარების სიტყვები, მიუხედავად კონფესიისა, რელიგიისა.

 

მართლაც ისტორიული პიროვნება იყო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობაც გვქონდა, ვისმენდით, როგორ აფასებდნენ მის ღვაწლს, როგორ სცემდნენ პატივს მის წვლილს ქრისტიანული სამყაროს განვითარებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროტესტში მყოფმა ჯგუფმა გლოვის დღეებშიც არ შეწყვიტა კათოლიკოს-პატრიარქის დაკნინება.

„ცალკე გამოსაყოფია ის ჯგუფი, რომელიც დღეს პროტესტშია. ამ დღეებში ჩვენ მათი სახე ვნახეთ. ვნახეთ, რომ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება. ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, მაშინ როცა ადამიანი, ერი იმყოფება მწუხარებაში. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი, ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში, რათა პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და იმ რამდენიმე ასეულ პროტესტში მყოფ ადამიანს შორის, რომლებმაც პროევროპელობა აქცია ანტიქართველობად.

მე წლიურ ანგარიშშიც ვთქვი და ამ დღეებშიც დადასტურდა – არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. სწორედ ეს დაგვანახა პროტესტში მყოფმა მცირე ჯგუფმა. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ნებისმიერი სხვა პოროორიენტაცია, არის ანტიქართული. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.