ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სტატუსი შეუქცევადია - კიმი

24 მარ 2026

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, პარლამენტში გამოსვლისას პოლიტიკური პრიორიტეტები დაასახელა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მუდმივად გააძლიერებს ბირთვულ ძალებს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ფხენიანის, როგორც ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოს სტატუსი შეუქცევადია და „თავდაცვითი ბირთვული შემაკავებელი ძალის“ გაფართოება აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

მან უარყო იდეა, რომ ბირთვული განიარაღება შეიძლება გაცვალონ ეკონომიკურ სარგებელზე ან უსაფრთხოების გარანტიებზე და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე დაამტკიცა, რომ ბირთვული ძალების შენარჩუნება განვითარების პარალელურად სწორი სტრატეგიული არჩევანია. 

კიმმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა „აღიარებულია ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ“ და გააფრთხილა სეული, რომ ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერ მცდელობას „დაუნდობლად, ყოყმანისა და თავშეკავების გარეშე“ უპასუხებენ.