უნებართვო ობიექტების დემონტაჟი ქობულეთში

24 მარ 2026

30-მეტი კომერციული დანიშნულების უნებართვო ობიექტების და მათ შორის ჯიხურების დემონტაჟის პროცესი დაიწყო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. 

ამ დროისთვის დავით აღმაშენებლის ქუჩაზე უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს, ასევე რუსთაველის და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება ჯიხურების დემონტაჟი.

რაც შეეხება გარე ვაჭრობას, ზედამხედველობამ ქობულეთის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც აკრძალა გარევაჭრობა. საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებსაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და უნებართვოდ ახორციელებდნენ საქმიანობას.

როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, ზედამხედველობის სამსახური უნებართვოდ განთავსებულ სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტების მფლობელებზე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი ობიექტის მფლობელს მიეცათ ადმინისტრაციული წესით შესაბამისი გაფრთხილება, რათა გონივრულ ვადაში გაათავისუფლონ დაკავებული ტერიტორიები.

ობიექტების მფლობელების ძირითადმა ნაწილმა მოახდინა სამართალდარღვევის აღმოფხვრა და გაათავისუფლა დაკავებული ტერიტორია. შესაბამისი პროცედურების დაცვით ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.

მერიაში ამბობენ რომ უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟი ხელს უწყობს ქალაქში მოწესრიგებული სივრცის შექმნას.