24 მარ 2026
ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ინტეგრირებული სკრინინგის აქციას დაესწრნენ.
საყოველთაო გამოკვლევების ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ჩაეტარებინათ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დაავადებების სკრინინგი და ტესტირება სამ გადამდებ დაავადებაზე - ტუბერკულოზზე, აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.
სკრინინგი ხორციელდება მობილური ამბულატორიის საშუალებით და კვლევებთან ერთად ითვალისწინებს ექიმის კონსულტაციასაც. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებს აზიანებს და ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.
საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენა და მართვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამებით. ბოლო წლებში ქვეყანაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებისა და გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. 2019-2025 წლების მონაცემებით, აჭარაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების გამოვლენა 53%-ით ნაკლებია.
აჭარაში სკრინინგ აქციები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით იმართება და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ხვალ, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეეძლება ბათუმში, ტაბიძის ქუჩა N2-ში, N4 პოლიკლინიკის მიმდებარედ, 26 მარტს კი - მობილური ამბულატორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს და აღმაშენებლის ქუჩის N114-ში განთავსდება, ხოლო 27 მარტს, ხელვაჩაურში, თხილნარის ამბულატორიასთან.