მშენებარე კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

24 მარ 2026

გრიგოლ ლორთქიფანიძის N20-ში მშენებარე კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეების თქმით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში 2024 წლის დეკემბერში უნდა შესულიყო, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. მათი ინფორმაციით, სამუშაოები უკვე ერთ წელზე მეტია შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ მათ მიერ უკვე შეძენილი ბინები კომპანიის ფინანსური დავალიანების გამო აუქციონზე გადის. მათი თქმით, კომპანიას ბანკის წინაშე აქვს ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც ბინებს ყადაღა ან იპოთეკა ემუქრება.

დღეს ადგილზე იმყოფებოდა კომპანია „MJ Group Construction“-ის დირექტორი, ალექსანდრე ხაჭაპურიძე, შეკრებილებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს, თუმცა მათი თქმით, კომპანიისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და დავის სასამართლო გზით გადაწყვეტას გეგმავენ. კორპუსის მშენებლობა 2019 წელს, პანდემიამდე დაიწყო.

პროექტის მიხედვით, ადგილზე 27-სართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე კორპუსში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სრულად მოწყობილი არ არის.