ტრამპი ორბანს წინასაარჩევნოდ მხარდაჭერას უცხადებს

25 მარ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში,  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა და მას  ძლიერი ლიდერი უწოდა  მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება.

ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანმა „ფენომენალური შედეგები“ აჩვენა.

,,ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის ზრდისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად'',- წერს ტრამპი.

ორბანმა, რომელიც ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა და თავს  ევროპაში ნაციონალისტ ლიდერად მიიჩნევს, ბოლო წლებში ტრამპთან მჭიდრო პოლიტიკური კავშირები შეინარჩუნა.  ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნოდ მხარდაჭერის მიზნით, აპრილის დასაწყისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთს ეწვევა. თებერვალში ბუდაპეშტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმყოფებოდა, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ორბანს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ევროპაში ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ორბანი დიდი ხანია ევროკავშირთან კონფლიქტშია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

ბრიუსელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მოსკოვთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს, უარს ამბობს უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე და ამბობს, რომ კიევი ვერასდროს შეუერთდება ევროკავშირს.