ისტორიული მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

27 მარ 2026

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 მოაგროვეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ. 

მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ პროგრამაში საქართველოს ნაკრები ნიკა ეგაძემ წარმოადგინა. მან მოკლე პროგრამა შეასრულა, მსაჯებისგან 78.84 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილი დაიკავა. ეგაძე თავისუფალ პროგრამას 28 მარტს წარადგენს.