პარლამენტში ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ

29 ოქტ 2025

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან. რევაზ სოხაძე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ინტერპელაციის წესით მიიწვია.

სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით მინისტრს 70-მდე შეკითხვა წინასწარ გადაეგზავნა - მათზე პასუხის გაცემის შემდეგ, რეგლამენტი დებატებს და სიტყვით გამოსვლებს ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ შეკითხვები დაისმება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მაგისტრალების და სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით. ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის ბოლოს დაანონსებულ განათლების რეფორმის საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან.