ევროპის ურბანული ორიენტირების სერია

27 მარ 2026

თბილისმა ევროპის ურბანული ორიენტირების სერიის “City Race Euro Tour”-ის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლა. ეს არის ევროპული ლიგა, რომელიც 9 ქვეყანაში ტარდება და მისი მე-4 ეტაპი  თბილისში გაიმართა. შეჯიბრი 2 დღის მანძილზე  თბილისის  განსხვავებულ და საინტერესო ლოკაციებზე მიმდინარეობდა.  მზიურის პარკში ურბანული სპრინტი  ქალაქისა და პარკის გარემოში ჩატარდა. ზღვის უბნის პარკში კი ტექნიკური შუა დისტანციის სპრინტი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 200 სპორტსმენი 20 ქვეყნიდან,  მათ შორის ევროპული ორიენტირების ძლიერი გუნდები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ხორვატიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ურბანული ორიენტირება არის დინამიკური სპორტი, სადაც მონაწილეები ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და ისტორიულ უბნებში რუკის დახმარებით პოულობენ საკონტროლო პუნქტებს, რაც ერთდროულად მოითხოვს სისწრაფეს, სწრაფ აზროვნებას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.