30 მარ 2026
რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს კვლავ შეიკრიბება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.
სხდომაზე მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.
"გვინდა, შევისწავლოთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი. უნდა აღინიშნოს, რომ, მედიკამენტების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა. ის შედგება ორი კომპონენტისგან - მწარმოებელი იმპორტიორი და ქსელები, რომლებიც თვითონ ახერხებენ დისტრიბუციას და აქვთ საკუთარი ლოგისტიკური ცენტრები. რატომაა კარგი, რომ ეს ჯაჭვი მოკლეა? იმიტომ, რომ დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ წარმოიქმნება, რაც დადებითად აისახება საბოლოო ფასზე. რეფერენტული ფასების პროგრამა 2023 წლიდან ჩაირთო. გვინდა, შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს და რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება", - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.