ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობით გაიმართა

30 მარ 2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქალაქ ჩენგდუში გამართულ ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაში „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.

გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

გასულ კვირას, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში ,,Fine Wine Hotel Exhibition” და ,,Fine Wineseer”, ჩენგდუში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს.