"სემეკის" გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა

30 მარ 2026

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.

კერძოდ, თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.

დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო ტარიფები ასეთია:

თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი;

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი;

301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრი;

რეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი;

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი;

31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრი.

"სემეკის" თავმჯდომარის განმარტებით, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება.

"მარეგულირებელმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე, დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-დან 6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით.

ტარიფის ზრდის უმთავრესი საფეხური გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები, ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება, მთელი რიგი შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნა დაკორექტირებული და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი.

ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები, სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დღეს დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ,რომ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.