რუსეთმა ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით ბრიტანელი დიპლომატი გააძევა

30 მარ 2026

რუსეთმა ჯაშუშობის ნიშნების აღმოჩენის შემდეგ ბრიტანელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება უბრძანა - ამის შესახებ რუსული მედია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი წარმომადგენელი ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას საელჩოს მეორე მდივნის გაძევების შესახებ აცნობეს. ეფ-ეს-ბეს ინფორმაციით, დიპლომატი „ახორციელებდა სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ  ბრიტანელმა დიპლომატმა არაფორმალური შეხვედრების დროს რუსეთის ეკონომიკის შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციის მოპოვება სცადა.