აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გადადგა

30 მარ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გადადგა. მისი განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და გუნდის წევრებთან კონსულტაციებიც ჰქონდა, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომელიც “ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოზიციის დატოვებას იგი არ უკავშირებს თორნიკე რიჟვაძეს. ამბობს, რომ რჩება მმართველი პარტიის გუნდის წევრად, აქვს სხვადასხვა შეთავაზებები, თუმცა სად ვიხილავთ დავით გაბაიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის თავმჯდომარე იყო, ჯერ უცნობია. იგი საკანონმდებლო ორგანოში ჯერ-ჯერობით რჩება პროცედურებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება მის შემცვლელს, უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი არაუგვიანეს ათი დღის ვადაში უნდა აირჩიონ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოზიციაზე ქართული ოცნების დეპუტატი ცოტნე ანანიძე განიხილება, რასაც დავით გაბაიძე ამ ეტაპზე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ახალ თავმჯდომარის კანდიდატურა უმაღლესი საბჭოს კონსულტაციის შედეგად შეირჩევა.