31 მარ 2026
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229.8 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 484.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1.3 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6 პროცენტი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ჯამურად, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, 803.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1 008.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 2.6 პროცენტი იყო, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად – 20.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.7 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 26.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 72.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ის 70.4 პროცენტია.
ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, წინა კვარტალთან შედარებით, 352.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 440.1 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 14.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 72.7 მლნ. აშშ დოლარით და 29.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.