01 აპრ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს INSARAG-ის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ინსტრუქტორებმა შვიდდღიანი სწავლება ჩაუტარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულმა 20-კაციანმა დელეგაციამ ქართველი მეხანძრე-მაშველები სამი მიმართულებით გადაამზადა: ლიდერული უნარების განვითარება, ძებნა-შველის ოპერაციების დაგეგმვა-კოორდინაცია და ნანგრევების გამაგრება. სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ნაგებობების შეფასება, სხვადასხვა ტიპის გამაგრებითი სამუშაოების შესრულება და ოპერაციულ გარემოში უსაფრთხო მუშაობის პრინციპები.
კურსი INSARAG-ის საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩატარდა.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.