სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული, ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც - ბექა ძამაშვილი

01 აპრ 2026

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი  საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი და, თითქოს, ისე იყო წარმოჩენილი ეს საკითხი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს ამ საჩივარს. უნდა ითქვას, რომ ეს საქმე ნამდვილად არის პრეცედენტული, რადგან თვითონ ეს კონკრეტული კანონი წარმოადგენს ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგიას. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილი არის, რომ არაერთ ევროპულ სახელმწიფოში  მიღებულია მსგავსი შინაარსის კანონები ან ახლა მიმდინარეობს  მსგავსი კანონების მიღება.

 

შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ნამდვილად პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც. მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნამდვილად ექნება და ეს არ წამოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ამასთან ბექა ძამაშვილის განმარტებით, განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს.

„სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრები „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით განიხილება როგორც დასაშვებობის, ისე არსებით ეტაპზე და განხილვის შემდეგ შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და კანონის მოქმედების შეჩერებას, სტრასბურგის სასამართლოში ეს მოთხოვნა ან არ ყოფილა დაყენებული, ან არ დაკმაყოფილდა:

„მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები ეროვნულ დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე, სტრასბურგის სასამართლოდან მსგავსი ინფორმაცი არ შემოსულა სახელმწიფოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მათ ან ვეროპული სასამართლოს წინაშე ან არ მოუთხოვიათ კანონის მოქმედების შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილდათ.

 

 შესაბამისად, მათი განცხადებები, რომ თითქოს მყისიერად, გადაუდებლად ხდება მათი უფლებების შეზღუდვა, არ შეესაბამება სიმართლეს. სხვა შემთხვევაში მათ აუცილებლად უნდა მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება"- განმარტა ბექა ძამაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, განხილვის ამ ეტაპზე სტრასბურგის სასამართლომ უნდა განსაზღვროს, საერთოდ, რამდენად შესაძლებელია, მომჩივნები ჩაითვალონ დაზარალებულებად, მისი შეკითხვების ადრესატები კი არიან როგორც სახელმწიფო, ისე მომჩივნი მხარე.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა – საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“- განმარტა ძამაშვილმა.