რუსეთი უკრაინისგან დონბასის დატოვებას მოითხოვს

01 აპრ 2026

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გუშინ“ უნდა მიეღო რთული გადაწყვეტილება დონბასიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ, რათა დასრულებულიყო ის, რასაც ისინი ომის „ცხელ ფაზას“ უწოდებენ.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ეს კომენტარი ზელენსკის მიერ ერთი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით  კითხვის საპასუხოდ გააკეთა.  ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინას ორთვიანი ვადა მისცა დონბასიდან ჯარების გასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა სამშვიდობო პირობები იქნება.  

„ეს ორი თვის საქმე არ არის. ზელენსკიმ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინული ჯარების დონბასიდან გასვლის შესახებ. ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ. სინამდვილეში, ზელენსკის ასეთი გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო.

როგორც უკვე ვთქვით, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ეს რთული გადაწყვეტილება მიიღოს. ამან შეიძლება დიდი რაოდენობით ადამიანი გადაარჩინოს და, რაც მთავარია, ომის ცხელი ფაზა შეაჩეროს“ - განაცხადა პესკოვმა.