თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

01 აპრ 2026

თურქეთის დასავლეთ მუღლას პროვინციასთან მიგრანტების  გასაბერი ნავის ჩაძირვის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა - ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში. შემთხვევის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები  გრძელდება.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გარეძრავიანი ნავი მუღლას ბოდრუმის რაიონის სანაპიროსთან ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე შენიშნეს და გაჩერების შესახებ რამდენიმე  გაფრთხილების მიუხედავად, გაიქცა.

მოგვიანებით, რეგიონში არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო, ნავი  ჩაიძირა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის რეგიონში სანაპირო დაცვის ვერტმფრენი და სამი კატარღა გაიგზავნა. მაშველებმა  ამ დროისთვის 21 ადამიანი გადაარჩინეს.

უცნობია საიდან გავიდა ნავი ან საითკენ მიემართებოდა. ეგეოსის ზღვა ხშირი სატრანზიტო მარშრუტია ათასობით მიგრანტისთვის, რომლებიც ცდილობენ ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში შეღწევას, განსაკუთრებით თურქეთიდან, სადაც  სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან მილიონობით ლტოლვილი ცხოვრობს.