უმაღლეს საბჭოში დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

02 აპრ 2026

დღეს, რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს.

ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას. გუშინ კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.

სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა, კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ და ლაშა სირაბიძემ ერთმანეთი ჩაანაცვლეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტსა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში.