02 აპრ 2026
მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციაზე. მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.
საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშურტზე აზიასა და ევროპას შორის – ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტის საკითხში. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ შემოუვლის. ამიტომ, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მან შეიძლება, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
პეტერ პელეგრინის თქმით, შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს და განიხილეს სხვადასხვა თემები.
„ამჟამად ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხაზი გავუსვა და დავარწმუნო ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ქალბატონებო და ბატონებო, ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება გადაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს შორის და სახელმწიფოებს შორის. ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიმუშაოთ ხანგრძლივი მოგვარებები, ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით.
ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, თქვენ კარგად იცით, საერთაშორისო პოლიტიკაში გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. მეორეს მხრივ, გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნისა, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები. ქვეყნის გადასაწყვეტია როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ განვიხილეთ გახსნილად აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან. დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ევროპული ბაზრის ნაწილი და წევრი განვითარებული ევროპული ოჯახისა. განვითარებული ქვეყნების ევროპული ოჯახისა. ორმხრივი ურთიერთობები, მოხარული ვარ, რომ ინტენსიფიკაციას განიცდის პოლიტიკურ დონეზე“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.