03 აპრ 2026
"დავიწყებ მადლობის გამოხატვით სლოვაკეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლების მიმართ, კერძოდ, ჩემი კოლეგის, პრეზიდენტის პეტერ პელეგრიმის მიმართ, რომელმაც მომიწვია და შინაარსიანი, გულთბილი შეხვედრა მომიწყო," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან და საქართველოს მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.
"ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს და ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, თუ როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ და გვჭირდება მსგავსი ქვეყნები, რომლებიც წევრები არიან ევროკავშირის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს," - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და მომავალ თვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთს ეწვევა.
"გუშინ გვქონდა საქმიანი შეხვედრები - შევხვდით პარლამენტის სპიკერს მის დელეგაციასთან ერთად, ასევე, განვიხილეთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები, რომელიც უფრო ინტენსიური გახდება - ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგ თვეს სლოვაკეთს ეწვევა. ჩვენი ურთიერთობების გახშირება უმაღლეს დონეზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან.
ასევე გვქონდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა, ვიცე-პრემიერთან და იქაც განვიხილეთ ის საქმიანი ურთიერთობები, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე, გვქონდა საუბარი განათლების მიმართულებით, ახალგაზრდობის თემები იყო წამოჭრილი და კულტურა. ეს ის საკითხებია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები გახშირდება, მზაობა არის.
გარდა პოლიტიკური თანხვედრისა და საერთო ღირებულებებისა, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან პრაგმატულად და სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც ამ ეტაპისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული სამშვიდობო პოლიტიკით, ამ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ყველასთვის [შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით].
სწორედ გუშინ აღნიშნა თავად პრეზიდენტმა, ბატონმა პელეგრინიმ, რომ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე შუა დერეფნის განვითარება, აზია-ევროპასთან დაკავშირებადების თვალსაზრისით", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა აუცილებელია მისი სუვერენიტეტი იყოს დაცული.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა.