პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღევანდელ სინოდზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხებზე - მიტროპოლიტი ილარიონი

03 აპრ 2026

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე და შემდეგ მოხდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.

მისივე განმარტებით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდეგ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული და საბოლოოდ მოხდება კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან  ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.

მეუფე ილარიონს კითხვა დაუსვეს, ხომ არაფერი გადაწყვეტილება მიუღიათ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ილარიონმა უპასუხა:

„ჯერჯერობით, არაფერი. ეს იქნება სამსჯელო საგანი და შემდეგ გაიგებთ. განათლების საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.