ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლების მცდელობის ბრალდებით, სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

04 აპრ 2026

​საქართველოში უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან დაკავშიებული პირების გამოვლენისა და სხვადასხვა დანაშაულში მათი მხილების მიმართულებით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და სხვადასხვა დანაშაულში მათი მხილების მიზნით.

 

ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება.

 

ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის  მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა  დიდი ოდენობით უძრავი ქონების  დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.

 

მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.