პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

06 აპრ 2026

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 3 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.