07 აპრ 2026
იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ღონისძიებები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს და ღვინის ექსპერტებს.
მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და იაპონელ მომხმარებლებს გააცნონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალური ყურძნის ჯიშები და მეღვინეობის ტრადიციები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნით და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებით და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს.