07 აპრ 2026
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საბერძნეთის კულტურის მინისტრ ლინა მენდონის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის, სამუზეუმო მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს. დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერის მიზნით, თინათინ რუხაძემ ბერძენი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ყურადღება გამახვილდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტზე, რომელიც 8 აპრილს, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში გაიმართება.
აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო კულტურული კავშირების მორიგი დასტურია. ასევე, განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.