სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

08 აპრ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. 

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი. 

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 6 კილოგრამამდე „მეფედრონი",  10 აბი „მდმა“, 200 გრამამდე ,,ჰაშიში“, 3 აბი და აბის ნატეხი ,,სუბოტექსი".

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- განმარტავენ შსს-ში.