პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა

08 აპრ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9
მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს
და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000
აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან
მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.