08 აპრ 2026
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების/კორესპოდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა, აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ბალანსის დაცვისა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ის, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.