09 აპრ 2026
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ.
მემორიალი გვირგვინით შეამკო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.
„9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას“,- აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან ერთად.
როგორც დანიის საელჩოს სოციალურ ქსელშია აღნიშნული, 9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა.
„9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა, რადგან ის აღნიშნავს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ამ მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია საქართველოში დანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი. დიპლომატმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს.
აქ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ამიტომ, ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას, ასევე, მსოფლიოს ყველა იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის“, - განაცხადა ფიშერმა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლები.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.