აშშ-ის სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რჩება-ტრამპი

09 აპრ 2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველა ამერიკულ გემს, თვითმფრინავს და სამხედრო პერსონალს  ირანსა და მის გარშემო ტოვებს, სანამ ირანი სრულად არ შეასრულებს შეთანხმებას.

„აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი, დამატებითი საბრძოლო მასალით, იარაღით და ყველაფრით, რაც შესაფერისი და აუცილებელია ისედაც მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის, ადგილზე დარჩება ირანსა და მის გარშემო მანამ, სანამ მიღწეული რეალური შეთანხმება სრულად არ შესრულდება“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი პაკისტანში აგზავნის  ირანის საკითხებზე მომლაპარაკებელ გუნდს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შაბათს, 11 აპრილს გაიმართება. ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.